ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
ნასრი ასფურა გამარჯვებულად ოფიციალურად არჩევნების ჩატარებიდან სამი კვირის შემდეგ გამოცხადდა, რისი მიზეზიც ხმის მიცემის დროს ტექნიკური პრობლემები და გაყალბების შესახებ ბრალდებები გახდა.
ჰონდურასის საარჩევნო ორგანოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ნასრი ასფურამ ხმების 40.3% მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ, ცენტრისტ-მემარჯვენე ლიბერალური პარტიის კანდიდატმა სალვადორ ნასრალამ კი ხმათა 39.5%.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნასრი ასფურას მხარდაჭერა გამოუცხადა და მას „ჰონდურასში თავისუფლების ერთადერთი ნამდვილი მეგობარი“ უწოდა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ასფურა არჩევნებში თუ ვერ გაიმარჯვებდა, აშშ ჰონდურასს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტდა.

