იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს.
მისი თქმით, თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი იქნება, მთავრობას ამის აკრძალვაც მოუწევს.
„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 348 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 76 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,115,956 მიაღწია. გარდაიცვალა 141,820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 527,475 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.