საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 86 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შესვლის დღიდან მძიმე იყო.
ინფიცირებული ქალი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.მას კლინიკაში შესვლის დღიდან პნევმონიასთან ერთად თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.
რამდენიმე დღის წინ, ვირუსით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.
4 აპრილს გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.
5 აპრილს კი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.