ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება” – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ეს მოვლენები ცხადჰყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება.

„მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევა და გატარებული ღონისძიებები, სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით არ არის ეფექტიანი.

ადამიანთა სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობის დაცვა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებია, ამასთან, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოქალაქეებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.

სტიქიის დროს მოსალოდნელი საფრთხეების შეფასების შედეგად სახელმწიფო ვალდებულია დროულად გაატაროს ადეკვატური პრევენციული ღონისძიებები.

სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს სათანადო ნაბიჯების გადადგმას საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, რაც, მათ შორის, მოიცავს ისეთი საფრთხეებისგან დაცვას, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფოსგან არ მომდინარეობს.

უფლების დაცვის ევროპული სტანდარტი მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც შესაძლებელს გახდის სტიქიური უბედურებების დროს სიცოცხლის დაკარგვის თავიდან აცილებას, მაშინაც კი, თუ თავად სტიქიური მოვლენები ადამიანის კონტროლის მიღმაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ მათ 2023 წელს გამოაქვეყნეს საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, რომელშიც წამოჭრილია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული ნიშვნელოვანი გამოწვევები და შეკითხვები, „რომელთა უმრავლესობა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება”.
„მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი“, ეს დოკუმენტი აფასებს საგანგებო სიტუაციების რისკებს, შესაძლო შედეგებსა და მუნიციპალიტეტის მიერ გადასადგმელ პრევენციულ ნაბიჯებს. ასევე გამოიყენება რისკების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

უცნობია აქვს, თუ არა, უსაფრთხოების პასპორტი ყველა მუნიციპალიტეტს და ერთვის თუ არა მათ შესაბამისი რისკის მიხედვით ზონირებული რუკები. უსაფრთხოების პასპორტების არსებობის შემთხვევაში, ისინი არ არის ხელმისაწვდომი.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2023 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, სამსახურმა გვაცნობა, რომ დონორული მხარდაჭერით, 21 მუნიციპალიტეტში ჩაატარა სწავლებები უსაფრთხოების პასპორტის შექმნასთან დაკავშირებით და კოორდინაციას უწევდა მომზადებული თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების პასპორტის შექმნაზე მუშაობას”, – წერს საია.

ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისა, სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინსტრირებას, რის შედეგადაც ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.

იტვირთბა....