პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კანარტინის პერიოდში მოძრაობას შეწყვეტს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გადაადგილება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს შეეძლებათ.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც ხვალიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
“მივიღეთ გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების შესახებ და ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს: სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მეტრისი; გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე, ქალაქებს შორის; დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება რეკომენდაცია და ავტომობილ;ში იქნება სამი ადამიანი; იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებში, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში”,- განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმითვე, ცალკე პროტოკოლია გაწერილი საწარმოებისთვის, რადგან მათ მუშაობა არ შეწყვიტონ და ეკონომიკას ამით უფრო დიდი ზიანი არ მიადგეს.
ცნობისთვის, იმის გამო, რომ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ ითვალისინებენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, “ის დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია.”
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
ამ დროისთვის, საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.