aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია” – გიორგი გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

როგორც პრემიერი აცხადებს, დღეს ქვეყანაში არსებობს სამი შემთხვევა, როცა დაავადების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

„დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

მისივე თმით, ყველა მოქალაქეს მდგომარეობის სიმძიმე გათვიცნობიერებული არ აქვს და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ მედიკოსების და სახელმწიფო უწყებების მუშაობით ვერ გაიმარჯვებს ქვეყანა.

„ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო მედიკოსების გმირული ყოველდღიური 24 საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ერთგვარი შეთანხმებით ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს არის ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული, მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე,“ – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც ხვალიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

ეგახსენბთ, რომ 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 100 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 18 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.

საქართველოში  30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 742,556 მიაღწია. გარდაიცვალა 35,344 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 157,046 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....