“38 პაციენტიდან 2/3-ს პნევმონია აქვს. მძიმე მდგომარეობა ძირითადად ასაკოვან პაციენტებს აქვთ” – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 6 პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა, ერთის კი კრიტიკული.
„ამჟამად ჩვენთან დადასტურებული გახლავთ 38 შემთხვევა, 29 გაწერილი გვყავს ისინი გამოჯანმრთელებულები არიან. ამ 38 -დან 2/3 მაინც არის ფილტვების ანთებით პნევმონიით, 6 მძიმეა ძალიან, 1 კრიტიკული ანუ საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა. უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე თანდათანობით იმიტომ, რომ ახლა ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა, პნევმონიები უფრო მეტია. თავიდანაც იყო პნევმონიები საშუალო სიმძიმის. ზოგადად ბევრი არის უკვე,მომატებაა, დღევანდელ მატებას ვერ გეტყვით აღებულია ანალიზები ბევრი ჩვენთან, ბევრი დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პასუხები დღის ბოლოს იქნება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 39 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ორი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,292,461 მიაღწია. გარდაიცვალა 70,797 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 272,526 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.