“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროულად ვერ დაიჭირა თადარიგი და აღჭურვილობის დეფიციტის გამო მწარმოებლები მას იმათზე ყიდიან, ვინც მეტს იხდის.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა საქართველოში შეუძლია ერთ მილიარდერს, “რომელიც საერთოდ გაქრა და აღარც გვენახება.”
“საკუთარი მოსახლეობის გადასარჩენად სახელმწიფოები უკვე აღარ ერიდებიან ისეთ აკრძალული ილეთების გამოყენებას, რომელსაც სხვა ვითარებაში არც იკადრებდნენ.
ნიღბებზე, პირბადეებსა და რესპირატორებზე დაუნდობელი ბრძოლა მიდის.
მთელი თვითმფრინავი იყო დატვირთული ნიღბებით, რომელიც ჩინეთიდან საფრანგეთში იგზავნებოდა, მაგრამ ეს პროდუქცია ბოლო მომენტში აშშ-მ შეიძინა ჩინეთისგან სამმაგ ფასად.
საფრანგეთი გვერდზე გაწია და შეიძინა.
თურქეთმა საერთოდ ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები დაიტოვა და ესპანეთს არ გაატანა.
უკვე ამ ხერხებით მიდის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა დემოკრატიულ სივრცეშიც კი. დეფიციტია აღჭურვილობის და უკვე იმაზე ყიდიან, ვინც მეტს იხდის.
ჩვენ არც ფული გვაქვს და არც თავი – დიახ, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დროულად დაიჭერდა თადარიგს , დაიწყებდა ზრუნვას აღჭურვილობაზე, ვიდრე კრიზისი ასეთ საშინელ ფორმას მიიღებდა.
ბიუჯეტს თუ არა აქვს იმის საშუალება, რომ ვინმეზე მეტი გადაიხადოს, ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს ერთ მილიარდერს, რომელიც საერთოდ გაქრა და აღარც გვენახება. დიახ, მას თავისუფლად შეუძლია სხვაზე მეტი გადაიხადოს და დროულად შეისყიდოს ერთი პატარა ქვეყნისთვის საკმარი აღჭურვილობა.
მისი შეძლების პატრონისთვის, საერთოდ არაა შეუძლებელი. ადვილი პუშკინის სკვერის ლარად ყიდვაა”- აცხადებს ნიკა მელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ხატია დეკანოიძემაც გაავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 157 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 31 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,152,751 მიაღწია. გარდაიცვალა 61,625 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 240,117 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.