თბილისში სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ – განათლების სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრნენ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები კი რუსთაველის მეტროდან.
ორი მსვლელობა ერთმანეთს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე შეხვდა და თსუ-ს ეზოში შევიდნენ. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტიდან, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
მსვლელობის დაწყებამდე პროფესორ-მასწავლებლებმა მანიფესტიც წაიკითხეს.
“26 ოქტომბრის არალეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების შედეგად საქართველოში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მძლავრი და მჩაგვრელი ავტორიტარული რეჟიმი. რეჟიმის გაცხადებული მიზანია იერიში მიიტანოს აკადემიურ თავისუფლებაზე და აბსოლუტური კონტროლი დაამყაროს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეებზე.
ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში განახორციელა და რომელიც ხელისუფლების განცხადებით, არის ტრადიციებისა და სუვერენიტეტის სახელით მიღებული, რეალურად სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის მრავალწლიან ისტორიას, რომელიც დგას სწორედ დემოკრატიაზე და სუვერენიტეტის იდეაზე. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს კანონები სრულიად იმეორებს რუსეთისა და უნგრეთის მაგალითებს, სადაც მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დამანგრეველი შედეგები უკვე გამოიღო. ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სივრცეებიდან განიდევნა კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ბოლო მოუღო უნივერსიტეტის ავტონომიას.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ვითვალისწინებთ რა აღნიშნულ გამოცდილებებს და იმ რეალობას, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ გვინდა ცხადად ვთქვათ: არ დავუშვებთ იგივე განმეორდეს საქართველოში. ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ შეგვექმნა ისეთი აკადემიური სივრცეები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წაადგებოდა. ჩვენ არ შევეგუებით, ამ ქვეყნის და მისი საგანმანათლებლო სივრცეების და ინსტიტუტების ავტორიტარული რეჟიმის მიერ მიტაცებას.
ამასთან ერთად ხაზს ვუსვამთ რომ არ დავუშვებთ თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდების ომარ ოკრიბელაშვილის, საბა მეფარიშვილის, ისაკო დევიძის, მათე დევიძის, დავით წოწორიას თავისუფლების აღკვეთას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების აღკვეთასთან შეგუებას ნიშნავს. ჩვენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები პირველ რიგში ვამბობთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ახალგაზრდების დასაცავად და ასევე ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებლად არსებული ავტოკრატიული რეჟიმისგან,” – ნათქვამია მანიფესტში.