ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა..” – სააკაშვილი მთავრობას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, “ფეისბუქზე” ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. სადაც ექსპრეზიდენტი აცხადებს, იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს, ორი რამ არის საჭირო: ერთი – საქართველოს საელჩოების წერილით მიმართვა რომელიმე ქვეყნის აეროპორტისადმი და მეორე – თბილისის აეროპორტის გახსნა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თქვა, რომ “ნაცმოძრაობა” ჭორაობით არის დაკავებული და ვერ მოყავს ხალხი.

„მინდა, ვუპასუხო საქართველოს მთავრობას და მის პატრონს ბატონ ივანიშვილს. დღეს გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება – ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანის ჩამოფრენით. ეს ხალხი უფასოდ მოგვყავს საქართველოში. საერთაშორისო წესებით, ჩვენ გვინდა ორი რამ: ერთი – საქართველოს საელჩოებმა მიმართონ წერილით, რომ გახსნან მაგალითად, ვარშავის აეროპორტი, რათა ჩვენი ხალხი გამოვიყვანოთ და მეორე – თბილისის აეროპორტი გახსნან, რათა ეს რეისი დაჯდეს. მთავრობისგან გვინდა არა ფული, არა სხვა რამით დახმარება, არამედ გვინდა 2 ქაღალდის დაწერა: ერთი ნებართვის გაცემა და ერთი ნოტის დაწერა. ამას ყველანაირად ბლოკავენ. ამას ბანალური გადაგდების გარდა ხომ არაფერი ჰქვია. მათ გვითხრეს, რომ ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ თვითონ ჩამოვიყვანთო. მე ვერ ვაკადრებ ჩვენს მეგობრებს მთელს მსოფლიოში ვინც გვეხმარება, რომ ახლა თურმე ივანიშვილს უნდა გადავურიცხოთ კიდევ მათი ფული. მათ გადმორიცხეს ფული იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ საქართველოში. რაც შეეხება ივანიშვილს, ივანიშვილმა გადმორიცხოს ფული და არამხოლოდ რეისების… გადმორიცხოს ფული იმ ათეულობით ათასი ოჯახის გადასარჩენად, რომლებიც მან ბოლო დღეებში უმუშევრად დატოვა. შეწყვიტოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით ფულის კეთება. ამ კაცმა გუშინაც კი ისარგებლა სიტუაციით და მორიგი ნებართვა „დაითრია“ რაჭაში ჰესის ასაშენებლად და ჯიბეში ჩაიდო. ეს კაცი ამ დღეებშიც დაათრევს ხეებს. ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა. შევწყვიტოთ ტყუილების ლაპარაკი, ხალხო. ივანიშვილი აღარ იქნება ხვალ და თქვენი თანამემამულეების თვალებში შეხედვა შეგრცხვებათ.

ჩვენი წინადადება ძალაშია: როგორც კი დაწერთ ერთ ნოტას ევროპაში და როგორც კი მოგვცემთ ფურცელზე დაწერილ ნებართვას, იქიდან ზუსტად 48 საათში პირველი რეისი წამოვა და ასე წამოვა ყველა დანარჩენი რეისი. ახლა ლაყბობის დრო არ არის – საქმე ლაპარაკის ნაცვლად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 157 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 31 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,152,751 მიაღწია. გარდაიცვალა 61,625 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 240,117 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....