სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განცხადება გაავრცელა და რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების გამკაცრებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არა ასრულებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში.
„ხვალიდან, 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.
ყველა ავტომობილი, სადაც იქნება სამ პირზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად.
ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ, ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს – ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით, აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან.
ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ ის ინფორმაცია რაც ჩვენ იქიდან გვქვს არ არის სახარბიელო, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური.
ასევე, მოგახსენებთ, იმ დადასტურებული შემთხვევის შესახებ, რაც ზუგდიდში გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა, ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად. ყველა მისი გადაადგილება თურქეთიდან სახლამდე არ იყო უსაფრთხო, შესაბამისად ყველა ის მოქალაქე, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ვიკვლევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ყველა ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება. მინდა განვმარტო, ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ ზომას არ მივმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედიანად ვიყოთ, როგორც ეს მოხდა დღეს, როდესაც გაირკვა, რომ საბედნიეროდ ოთხ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი – ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ქალაქში და რაიონში მოძრაობამ მოიმატა.
ჩვენ, იძულებულები ვართ, გავატაროთ ეს ზომები, ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაიგებენ. ჯობია ახლა გავამკაცროთ და მივიღოთ მაქსიმალური ზომები, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ალექსანდრე მოწერელიამ ასევე, მედიკოსებსა და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს დახმარებისთვის მიმართა.
„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 622,343მიაღწია. გარდაიცვალა 28,802 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 137,373 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.