საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ხვთისიაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ესპანეთმა კატეგორიული უარი განაცხადა COVID-19-ით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებაზე. ამის შესახებ, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა.
როგორც ხვთისიაშვილი აცხადებს, დღევანდელი პროტოკოლით შექმნილი გარემოებიდან ორი გამოსავალი არსებობს. ერთ-ერთი არის კრემაცია და მეორე ამ ადამიანების ესპანეთის ტერიტორიაზე გამოყოფილ შესაბამის ადგილზე დაკრძალვა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანი არის დაღუპული ამ ვირუსით, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ამ ადამიანის ტრანსპორტირება იმ ქვეყნიდან, რომელშიც ის დაიღუპა. მითუმეტეს, თუ ეს არის ევროპული ქვეყანა. ამ შემთხვევაში, საქმეში ერთვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, თავად ქვეყნის რეგულაციები. ამიტომ, სიტუაცია ძალიან რთული გახდა, ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა რამდენიმე დღე და ვცდილობდით მოლაპარაკებები გვეწარმოებინა რაღაც საწყისებიდან, თუმცა კატეგორიული უარი მივიღეთ იმიტომ, რომ თუ გამონაკლისს დაუშვებენ ერთი ქვეყნის მიმართ სხვა ქვეყნების მიმართაც უნდა დაუშვან.
დღევანდელი პროტოკოლით არსებობს ორი ტიპის გამოსავალი ამ შემთხვევიდან ერთ-ერთი არის კრემაცია, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა და ქართველებისთვის ამის გაკეთება. არსებობს მეორე შესაძლებლობაც, იქ ადგილზე გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია, სადაც, შეიძლება, მოხდეს ამ ადამიანების დაკრძალვა. ესპანეთის მთავრობა ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ მიდგომებს და აძლევს შესაძლებლობას ადამიანი დაიმარხოს იმ წესით, როგორიც უნდა ჭირისუფალს. ამ ადამიანის ესპანეთის ტერიტორიიდან გამოყვანას კატეგორიულად არ გვთანხმდებიან და არ გვაძლევენ ამის უფლებას,“ – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 8 ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 353,902 მიაღწია. გარდაიცვალა 15,420 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 100,629 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.