ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც უფრო ბედნიერები და კარგ განწყობაზე ვიქნებით, ჩვენი იმუნური სისტემა უფრო მომზადებული შეხვდება კორონავირუსს” – კულუმბეგოვი

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ქრონიკის” ეთერში, საზოგადოებას COVID-19-ისგან თავის დასაცავად რჩევებს აძლევს. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლაში აუცილებელი იმუნური სისტემის ამაღლებაა.

როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, იმუნურ სისტემას ადამიანი ვერ ხედავს და ვერ გრძნობს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.

“კორონავირუსს ერთი თავისებურება აღმოაჩნდა, საბედნიეროდ ბავშვებში არ აქვს გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ სამაგიეროდ პაციენტებს გვიან ასაკში ეს ვირუსი უფრო აზიანებს, რადგან იმუნური სისტემა იქ მოიკოჭლებს, 60 წლის შემდეგ, ის თავდაღმართისკენ მიდის.

პაციენტები ყოველთვის მეკითხებიან, სად არის ეს იმუნური სისტემა. იმუნურ სისტემას აქვს ის ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში, როგორც სახელმწიფოში აქვს შინაგან საქმეთა სამინისტრის და თავდაცვას. თუ იმუნური სისტემის რომელიმე რგოლი მოიკოჭლებს, ისევე, როგორც სახელმწიფო სისტემის რომელიმე რგოლი, მაშინ ნებისმიერ ინფექციას მასობრივი გავრცელების შესაძლებლობა ეძლევა. შესაბამისად რაც უფრო მყარია ეს ორი სამინისტრო ჩვენს ორგანიზმში, ორგანიზმი უფრო მზად არის ვირუსთან გასამკლავებლად.

სტრესებისგან თავისუფალი გარემო, ჯანსაღი ცხოვრება (რაც გულისხმობს ფიზკურ აქტივობას და კვების მოწესრიგებას) და ძილის მოწესრიგება. აი, ამ ფაქტორებზე დგას ჯერჯერობით ადამიანის იმუნური სისტემა. ბედნიერი ადამიანი ნაკლებად ავადმყოფობს. ეს დადგენილი პოსტულატია და ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა. ამიტომ რაც უფრო ბედნიერები და კარგ განწყობაზე ვიქნებით, ჩვენი იმუნური სისტემა უფრო მომზადებული შეხვდება კორონავირუსს.” – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 8 ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 353,902 მიაღწია. გარდაიცვალა 15,420 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 100,629 პაციენტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....