ონლაინ კაზინოების პროვაიდერის „ევოლუშენ გეიმინგის” ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები, რომლებსაც დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, მარნეულის მცხოვრებლები არიან და სამსახურში გუშინდელ დღემდე დადიოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ჩვენ ჯერჯერობით ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს, რატომ დაგვკეტეს და რა მოხდა, ვიცი, რომ გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები, რომლებიც გუშინდლამდე ჩვეულებრივ მუშაობდნენ და უახლესი მოვლენების გათვალისწინებით საფრთხეს შეიცავდა მუშაობა, მე ვისაც ვესაუბრე შენობაში, მითხრეს, სამთავრობო სამსახურებმა, ანუ ,სავარაუდოდ,საგამოძიებოს გულისხმობდნენ, დაგვხურეს, არაა უსაფრთხო გარემოო. გიდასტურებთ, რომ სიცხიანი თანამშრომელი აღმოაჩინეს, მაგრამ აქვს თუ არა კორონავირუსი არ დადასტურებულა.
როგორც ადგილზე გავიგე ეს თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ,რატომ და რამდენი ხნით დავიკეტეთ არაა ცნობილი“,- განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
მისი თქმითვე, სანამ კომპანიას საგამოძიებო სამსახური დახურავდა, მის დაკეტვას მენეჯმენტი არ აპირებდა და მხოლოდ სამსახურში დისტანცირების წესების შემოღებით შემოიფარგლნენ.
„მითითებები არავისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია, მეტიც დაკეტვას არ აპირებდნენ შემოიღეს, დისტანცირების წესები, რიგში თუ გასახდელში, საჭმელ თუ მოსაწევ ადგილებში გვეკრძალებოდა 1 მეტრზე ახლოს მიახლოება ერთმანეთთან და დღეს დახურეს საგამოძიებომ, თორემ თვითონ არ მიუღიათ ეგ გადაწყვეტილება, თავადაც ცოტა დაბნეულები იყვნენ. ერთადერთი გვითხრეს, წადით სახლში და დაელოდეთ ოფიციალურ განცხადებასო.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, თანამშრომელთა უმრავლესობამ დამოუკიდებლად მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება და ორი კვირით ვრჩებით სახლში“,- განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 8 ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 353,902 მიაღწია. გარდაიცვალა 15,420 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 100,629 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.