ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების „დიალოგისკენ” მოწოდება ვერ შენიღბავს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას” – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ირაკლი კობახიძის ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების ინიციატივას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის ფონზე ხელისუფლება დიალოგის სანდო პარტნიორად ვერ ჩაითვლება. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ევროპარლამენტარების შეფასებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას კიდევ უფრო დააზიანებს.

დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩენე ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოთხოვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, რეპრესიული კანონების გაუქმებისა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ევროპარლამენტარები ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

ჩვენ ვითვალისწინებთ ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. დიალოგი ევროპას არასდროს დაუხურავს; ის აზრს „ქართულმა ოცნებამ“ დააცარიელა. 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. შემდეგ მან ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა რეკომენდაციას ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობით და ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებით უპასუხა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ფორმალური კონტაქტების შეზღუდვის შესახებ ამ არჩევანის შედეგი იყო და არა მათი მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო ქართველი ხალხისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ის ხელახლა გაიხსნება ხელისუფლებისთვის იმ დღეს, როდესაც მათი ქმედებები და არა სიტყვები აჩვენებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული გზისკენ დაბრუნებას.
 

წინადადების დრო თავისთავად მეტყველებს: ეს ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მოსმენას „ქართული ოცნების“ მოთხოვნაზე, აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის პარლამენტში წარმოდგენილი ბოლო ოპოზიციური პარტია. მთავრობა, რომელიც ცდილობს თავისი პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშედ გამოცხადებას, ამავდროულად ვერ წარმოაჩენს თავს დიალოგის სანდო პარტნიორად. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შეთავაზება არ შეიძლება განვიხილოთ, თუ არა როგორც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟის საფარველი.
 

როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში განაცხადა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვუწოდებთ კონსტიტუციური პრეტენზიის დაუყოვნებლივ უკან გამოტანისკენ. უკვე არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა რუსეთისა და ბელორუსის მაგალითების მსგავსად, ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმულ გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს და წევრობისკენ მიმავალ ნებისმიერ პროგრესს გამორიცხავს. დღემდე არაფერი შეცვლილა.
 

ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით ნათელი და თანმიმდევრულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას ევროპული მომავლის მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც წარმოიშვა 2024 წლის ოქტომბრის არასრულყოფილი არჩევნების შედეგად. ნებისმიერი რეალური ხელახალი ჩართულობა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს:
ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება;
სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური საქმიანობის შემზღუდავი კანონების გაუქმება, მათ შორის იმ შეზღუდვების, რომლებმაც ევროპული პოლიტიკური ფონდები აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინათ;
ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის დასრულება;
გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ.

მანამდე კი, ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დააწესონ ხელშესახები შედეგები, მათ შორის ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმის (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი) ან სხვა სანქციების რეჟიმის ფარგლებში მიზნობრივი სანქციები, იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე. თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ხელახლა დაწყების შესახებ, მან იცის, საიდან დაიწყოს ამის დასამტკიცებლად, – ნათქვამია განცხადებაში. 

იტვირთბა....