პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეკლესიის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა არის ამ უფლების ნაწილი. მისი თქმით, აღნიშნული, დეკრეტის ტექსტში წერია, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა.
„რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ პერიოდში მსოფლიოში არის covid 19 – ის პანდემია და საქართველომ პირველ ეტაპზე, ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება. თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება. როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით განცხადება, დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამაც გაავრცელა და დეპუტატებს მოუწოდა, თუ აღნიშნული შეზღუდვები ადამიანის წირვა-ლოცვაზე დასწრებას შეეხებოდა, არ დაეჭირათ მხარი.
განცხადება გაავრცელა, ასევე, საპატრიარქოს პრესმდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელმაც თქვა, რომ ეკლესია გაითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს.
გუშინ, 20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება.
საქართველოში დღეს 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 49 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 288,011 მიაღწია. გარდაიცვალა 11,949 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 93,617 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.