ახალი ამბები მთავარი

“ლარსიდან მანქანები უკვე დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით არ არის შეფერხება” – დავითაშვილი

“ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება”, – ამის შესახებ, სოფლის მეურნოების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ლარსიდან მანქანები უკვე დაიძრა და შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. გარკვეული პროდუქტების მოწოდებაში გვქონდა წყვეტა უამინდობის გამო. ფოთში გემების დაცლა ვერ მოხდა, ხოლო ლარსზე ვერ ხდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის მიმართულებით კოორდინაციის კუთხით. ასევე, მთის კურორტების კომპანიას, რომელიც მოგვეხმარა ზვავების ჩამოშლის პროცესში და, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს. ჩვენ არაორდინალური გადაწყვეტილებები მივიღეთ. ექსტრემალურ პირობებში, ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა, რათა სურსათით მომარაგებაში არ ყოფილიყო დეფიციტი.

ლარსიდან მანქანები უკვე დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით არ არის შეფერხება. მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად, ყოველ დღე ვხვდები საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებისა და ქსელების წარმომადგენლებს, იმპორტიორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა არ გვქონდეს სურსათის დეფიციტი და ფასები არ გაიზარდოს პანიკის გამო და არ დაფიქსირდეს სპეკულაციური ტრანზაქციები.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს კომპენსაციის სქემის შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მარაგების შექმნას, არამალფუჭებადი პროდუქტების შემოტანას, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდებში და, მეორე მხრივ, არსებული ფასების შენარჩუნებას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, განსაზღვრა ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც, ფუნქციონირებას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 44 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 256,809 მიაღწია. გარდაიცვალა 10,540 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 89,920 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....