ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, განსაზღვრა ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით  და მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, განსაზღვრა ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც, ფუნქციონირებას გააგრძელებენ.

ჩამონათვალში შედის:

ა) სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);

სურსათის სამაცივრე მეურნეობები;

სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);

საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;

ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;

სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);

ვეტერინარული კლინიკები;

ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;

ცხოველთა ფერმები;

ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;

ზოომაღაზიები;

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;

სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;

საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, პერსონალი, რომელიც მონაწილეობს მოსახლეობაზე პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადითა და ხელთათმანით.

„ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები. კერძოდ კი, პერსონალი, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადითა და ხელთათმანით; რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირითა და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის (არანაკლებ 1 მეტრი) დაცვის გაკონტროლება.

მათი ცნობით, ბრძანება საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გამოქვეყნდა ვებგვერდზე- http://nfa.gov.ge/uploads/other/8/8006.pdf „-ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 44 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 256,809 მიაღწია. გარდაიცვალა 10,540 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 89,920 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....