ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა უკვე დაიწყო.

როგორც გებრეიესუსი აცხადებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა დაიწყო, რომლის მთავარი ამოცანაა დაადგინოს, თუ რომელი მკურნალობის მეთოდია ყველაზე ეფექტური.

„ჩვენ ამას „სოლიდარობის გამოცდას“ ვუწოდებთ, რომელიც გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს, რომ გადატვირთულმა საავადმყოფოებმაც კი მიიღონ მონაწილეობა. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაადასტურა, რომ ისინი შეუერთდებიან „სოლიდარობის გამოცდას“ – არგენტინა, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, ირანი, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვეიცარია და ტაილანდი – და მე მჯერა, რომ კიდევ ბევრი იქნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ მოუწოდებს ქვეყნებს განახორციელონ ყოვლისმომცველი მიდგომა, რომ შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება. ეს მიდგომა ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას და ყიდულობს დროს, ვაქცინის შემუშავებისთვის და მკურნალობისთვის. ეს კორონავირუსი წარმოადგენს უპრეცედენტო საფრთხეს. მაგრამ ეს არის ასევე უპრეცედენტო შესაძლებლობა, რომ გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

გებრეიესუსმა ასევე, ისაუბრა COVID-19-ის მსოფლიოში გავრცელების რისკებზე და განაცხადა, რომ საზოგადოება უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვირუსი მასაც შეეხება და არ უნდა იფიქროს, რომ თვითონ არ დაინფიცირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 8 007 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 030 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....