ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“8 000-ზე მეტმა ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა… თუმცა, იმედი არის, ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც ყველა ქვეყანას შეუძლია” – გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, პრესკონფერენციაზე COVID-19-ის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ინფექციის დამარცხებისთვის ყველას ძალისხმევაა საჭირო.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვირუსი მასაც შეეხება და არ უნდა იფიქროს, რომ თვითონ არ დაინფიცირდება.

„COVID 19-ის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 000-ზე მეტმა ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა… ვიცით, რომ ბევრი ქვეყანა ეპიდემიის ესკალაციის წინაშე დგას. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, ვიცით ის უზარმაზარი სირთულეები, რასაც აწყდებით, და ის უშველებელი ტვირთი, რომლის ქვეშაც ხართ. გვესმის, როგორი დამამწუხრებელი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, გვესმის, რომ სხვადასხვა ქვეყანა და საზოგადოება სხვადასხვა სიტუაციაშია, დაავადების გადაცემის სხვადასხვა დონით. ყოველდღიურად, ჯანმო ესაუბრება ჯანდაცვის მინისტრებს, სახელმწიფოების მეთაურებს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, საავადმყოფოების მენეჯერებს, ინდუსტრიის ლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებს, და სხვებს, რათა მათ დაეხმაროს მომზადებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, სპეციფიკური სიტუაციების მიხედვით. ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებაზე ეს გავლენას არ მოახდენს, მოემზადეთ ისე, თითქოს – მოახდენს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ, თითქოს დაინფიცირდებით.

თუმცა, იმედი არის, ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც ყველა ქვეყანას შეუძლია – ფიზიკური დისტანციის ზომების მიღებამ, როგორიცაა სპორტული ღონისძიებების, კონცერტების და თავშეყრის სხვა ტიპების გაუქმება, შეიძლება, ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელების შენელებას; ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სისტემაზე ტვირთის შემცირებას და შეიძლება, ეპიდემიები მართვადი გახადოს. მაგრამ, ეპიდემიის კონტროლისა და ჩახშობისთვის, შემოწმებები, მკურნალობა და კონტაქტების დადგენა ყველა ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლის ხერხემალი უნდა იყოს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 8 007 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 030 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....