თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, აღნიშნული ოთხი შემთხვევიდან, ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, ორივეს შემთხვევაში, დაინფიცირების წყარო და კონტაქტი დადგენილია.
“ინფიცირებული ადამიანებიდან 31 ჩვენს ცენტრშია, მათგან იცით, რომ ერთი გაშვებულია უკვე ბინაში. ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ ორი. სტაბილური სიტუაციაა მათთან, ტემპერატურის მატება აქვთ დაბალი ციფრებით და მინიმალურად გამოხატული კლინიკაა. ჩვენთან მოთავსებული ახალი ორი პაციენტის ისტორია შემდეგია – ეს არის ჩვენთან მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.