საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
გახარიას თქმით, “მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს”.
მთავრობის მეთაურის განცხადებითვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, მისი წარმომადგენლობების – საკონსულოების, საელჩოების საშუალებით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დღეს დაძაბულობის ზონაში იმყოფებოდეს, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
„მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ჩვენგანის ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან და დღემდე, სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. საბედნიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უახლოეს კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღემდე, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება ფართოდ რეგიონში. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავის პარტნიორებთან, ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება, შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, ირანმა, ერაყში არსებულ ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ქვეყნის ინფორმაციით, ირანელი გენერლის ლიკვიდაციას უკავშირდება.
აღნიშნულის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ “შეერთებული შტატები დაუყონებლივ უწესებს ეკონომიკურ სანქციებს ირანს”.
ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.
აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდებოდა.
ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.