ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი მოკლეს

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.

BBC-ის  ინფორმაციით, გენერალი სოლეიმანი ავტომობილით ბაღდადის აეროპორტში, ადგილობრივ შიიტურ მილიციასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალების უპილოტო საფრენმა აპარატმა ცეცხლი გაუხსნა.

ირანელი გენერალი ერაყში ლიბანიდან ჩავიდა და აეროპორტის დატოვებას აპირებდა, როდესაც სატვირთო ზონასთან მისი ავტომობილი საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. სოლეიმანის ორ ავტომობილს რამდენიმე რაკეტა ესროლეს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ასევე მოკლეს ერაყის შიიტური მილიციის ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

ირანელი გენერლის მკვლელობას ადასტურებენ აშშ-შიც. პენტაგონის ინფორმაციით, თავდასხმის ბრძანება უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა.

„თავდასხმა მიზნად ისახავდა ირანის სამომავლო თავდასხმის შეკავებას. აშშ მიიღებს ყველა საჭირო ზომას მთელ მსოფლიოში მისი მოქალაქეების და ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

იტვირთბა....