ირანმა, ერაყში არსებულ ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ქვეყნის ინფორმაციით, ირანელი გენერლის ლიკვიდაციას უკავშირდება.
ამერიკელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ერაყის პროვინცია ამბარში, ალ-ასადის ავიაბაზაზე, ყველაზე მცირე, 6-ჯერ მიიტანეს იერიში.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული “გარდიანი” ავრცელებს.
პენტაგონში აცხადებენ, რომ დარტყმის ობიექტად ასევე იქცა ქალაქ ერბილში არსებული ამერიკული ბაზა.
არც ერთი მხარე არ ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულების შესახებ, თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი მომავალში ახალ ესკალაციას არ აპირებენ.
ოფიციალური ირანი აღნიშნულ სარაკეტო დარტყმებს აფასებს, როგორც წარმატებულ ოპერაციას და აცხადებს, რომ ეს სამხედრო მოქმედება აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ლიკვიდაციას უკავშირდება.
ირანის განცხადებით, თუ ამერიკა არ განახორციელებს საპასუხო დარტყმებს, მისი მხრიდან სარაკეტო დარტყმები შეწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ირანი მზადაა, ისრაელს დაარტყას.
“ყველაფერი კარგადაა”, – ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი “ტვიტერზე” სამხედრო ბაზების დაბომბვას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ტელემიმართვა, რომელსაც “მეტრონომი” ოპერატიულ რეჟიმში შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.
აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.