“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება. სამადაშვილის განცხადებით, მაღაროელთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად პოლიტიკური ცვლილებებია საჭირო.
„მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ვიზიარებ ამ ადამიანების გულისტკივილს და მათ პრეტენზიებს, ვინმემ უნდა განუმარტოს მათ და დიახ, პოლიტიკური ცვლილებების გარეშე მათ ცხოვრებაში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. ეს არის რეალობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.
მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.
ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.
17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.
მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმაგანაცხადა, რომ მდგომარეობის გასანეიტრალებლად, კომპანია სამუშაოებს დროებით აჩერებს.
ბოლო მოლაპარაკებები კომპანიასა და მუშებს შორის 26 მაისს გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ. დღესვე კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მხოლოდ 25%-იან ზრდაზე არიან თანახმა.