ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ახალ ინდექსს აქვეყენებს, რომლის მიხედვითაც 180 ქვეყანას შორის, საქართველომ 103-ე ადგილიდან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლებას ძირს უთხრის.
„სახელმწიფოს ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ მტრული რჩება. „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აქცევს მათ და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის“,– აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტი ეხება 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებსაც, სადაც საუბარია, რომ არჩევნების შედეგებმა ქვეყანა რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციაში ჩააგდო.
ქვეყანა ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული ფართოდ სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ, რამაც ქვეყანა რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციაში ჩააგდო. ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის მუდმივ კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად მჭიდრო კავშირები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან… – ნათქვამია დოკუმენტში.

