ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

იტალიამ, ბულგარეთმა და ესტონეთმა რუსულ გემებს პორტებში შესვლა აუკრძალეს

იტალიამ, ბულგარეთმა და ესტონეთმა რუსულ გემებს პორტებში შესვლა აუკრძალეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, კვირას დილით ბულგარეთის ხელისუფლებამ აუკრძალა ქვეყნის ყველა საპორტო ქალაქს, გამონაკლისის გარეშე, რუსული გემების მიღება და მომსახურება.

“რუსეთის დროშის მცურავ ყველა გემს, ისევე როგორც გემებს, რომლებმაც 24 თებერვლის შემდეგ შეცვალეს რუსეთის დროშა ან რეგისტრაცია რომელიმე სხვა სახელმწიფოში, ეკრძალებათ ბულგარეთის საზღვაო და მდინარის პორტებში შესვლა“, – ციტირებს სააგენტო ბულგარეთის ხელისუფლების განცხადებას.

Associated Press აკონკრეტებს, რომ გამონაკლისი იქნება გასაჭირში მყოფი გემები ან ჰუმანიტარული დახმარება, ასევე გემები, რომლებიც ევროკავშირში საწვავს, საკვებს და მედიკამენტებს ატარებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს, რომ რუსული გემებისთვის პორტს ხურავს ესტონეთიც.

“ტალინი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსპორტო კვანძია, რომელსაც რუსეთი იყენებდა და მის შეცვლას ვერ შეძლებს”,-  წერს გერაშჩენკო.

ცნობილია, რომ  გუშინ იგივე აკრძალვა შემოიღეს იტალიაში. რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ სავაჭრო გემებს, უფლება მიეცათ დაესრულებინათ დაწყებული ოპერაციები, მაგრამ ვალდებულნი იყვნენ, მათი დასრულებისთანავე გასულიყვნენ პორტებიდან ზღვაში.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის თავდაცვამ მარიუპოლის მცველებს ულტიმატუმი წაუყენა და დანებებისთვის დრო მისცა – მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ ოკუპანტებს არ დანებდებიან და ქალაქის დაცვას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....