„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გლობალური ომის პარტიი, დიიფ სთეითისა და ამასთან მიმართებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიიფ სთეითის“ დამარცხება“.
„თქვენ ხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ქვეყანას. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითზე“, „გლობალურ ომის პარტიაზე“, არავის სჯეროდა. ვიღაცები გამოდიოდნენ რაღაცებს ხუმრობდნენ ამასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ გაენეიტრალებინათ ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებები, თუმცა ძალიან მალე კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს. არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ მას ამ ბრძოლაში და გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ აქვს გადგმული ფესვები „გლობალურ ომის პარტიას“, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, მსოფლიოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამ ყველაფერს ვიგრძნობთ, როდესაც ის იქნება დამარცხებული, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. მაშინ როდესაც „დიფ სთეითი“ იქნება დამარცხებული, ჩვენ ამას ვიგრძნობთ საკუთარ ქვეყანაზე, თუ ეს ურთიერთობები დაალაგდება, გადალაგდება და არ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. ყოველი მათი განცხადება გაჯერებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქვეყანა როგორმე ჩაეთრიათ ომში და გახსნილიყო მეორე ფრონტი,“ – განაცხადა კალაძემ.