პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს, რომელსაც გუშინ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა.
„ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკური პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ დასრულდეს გულის გაჩერებით”, – განაცხადა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.
მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.