მალტის პრემიერ-მინისტრი რობერტ აბელა აცხადებს, რომ მისი ლეიბორისტული პარტია საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გახდა გამარჯვებული.
მედიის ცნობით, ლეიბორისტულმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა შედეგები 2022 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია, როდესაც პარტიამ ხმების 55% მიიღო.
„როიტერი“ წერს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
მალტის ნაციონალისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, ჩარლზ ბონელომ მარცხი აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი პარტია ლეიბორისტების უმრავლესობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
მალტის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 87.4% შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.
ლეიბორისტებმა წინასაარჩევნო კამპანია ძლიერი ეკონომიკისა და სამთავრობო გამოცდილების ფონზე წარმართეს, ნაციონალისტები კი ამტკიცებდნენ, რომ, ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ადამიანების ცხოვრების ხარისხი გაუარესდა.
ცნობისთვის, რობერტ აბელა პრემიერ-მინისტრის პოსტს 2020 წლიდან იკავებს, ხოლო ლეიბორისტული პარტია 2013 წლიდან არის ხელისუფლებაში.

