ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ექიმთა კონსილიუმი მსჯელობს, როგორი იქნება 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკა

27 წლის ექთნის მკურნალობის მეთოდებზე, რომლის მდგომარეობაც ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ დამძიმდა, ექიმთა კონსილიუმი მსჯელობს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების მულტიპროფილური გუნდი  ერთობლივ კონსილიუმს მართავს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.

ექიმების ერთობლივი კონსილიუმი 21:00 საათზე დაიწყო. მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმს ჯანდაცვის მინისტრიც ესწრება.

ადგილზე იმყოფებიან ექთნის ოჯახის წევრები და ექიმების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. .ის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით,  გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, მოკვლევა დაიწყო.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

იტვირთბა....