“ძებნილი ბადრი ესებუა, რომელსაც საპოლიციო ძალები ეძებენ, ზუგდიდის ქუჩებში სეირნობს” – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს “მთავარი არხი” ავრცელებს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ესებუა სათვალთვალო კამერამ 27 ოქტომბერს გადაიღო.
ტელეკომპანიის განცხადებით, ფოტოები პოლიციის დახურულ ჯგუფში გაავრცელეს არხს კი ის წყარომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიაწოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსმელი ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.
თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.