“კვირას შუადღისას უკვე ვიცოდით რეალური თავდამსხმელის ვინაობა,გვქონდა ფოტო,ამის მიუხედავად,არ გავასაჯაროვეთ! ვგულშემატკივრობდით სოფ. გრიგოლიშში დაწყებულ სპეცოპერაციას და მთავარ არხზე საგანგებო ეთერი დაიგეგმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ და მე ორი სხვადასხვა წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია რომ ბადრი ესებუა გაიქცა! მოვყვევით ყველაფერი ყველაფერზე! და მთავარი, შსს-ს ჰქონდა უტყუარი მტკიცებულება, რომ მომხდარიყო ბანკზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება! უტყუარი მტკიცებულება ნიშნავს დნმ -ის კვალს,რომელიც მძარცველმა იმ მანქანაში დატოვა,რომელმაც მიიყვანა ბანკთან! სიმაღლე,თვალის ჭრილი,თვალის ფერი და და სხვა დანარჩენი ლირიკაა! ჰო, დეფექტი ქუთუთოზე ორივე ფოტოზე ჩანს!
თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის ბადრი ესებუაა! მორჩით ჭორაობას!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
სოციალური ქსელი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსმელი ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდამსხმელი, მოქმედი სამხედრო ბადრი ესებუაა. ამავე თემაზე: “მეტრონომმა” გაავრცელა ბადრი ესებუას ოჯახის განცხადება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.
თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.