სოციალურ ფენებად დაყოფილი მგზავრები და საზოგადოების ფართო პროტესტი
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საზღვრების გახსნის შესახებ მზაობა გამოთქვა, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, გადაწყვეტილებები არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად მოხდება ისე, რომ არცერთი ქვეყნის მოქალაქეს საფრთხე არ შეექმნას. ვიდრე ფრენების განახლებაზე რაიმე სახის შეთანხმება შედგება, მანამდე მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება. ივლისში 20-მდე ჩარტერული ფრენაა ჩანიშნული.
ამ დრომდე ჩარტერულ რეისებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways-ი(“აირზენა”) ასრულებს. 13 ივლისიდან კი ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-იც შეასრულებენ. სპეციალური ნებართვის საფუძველზე უკვე ჩანიშნული ჩარტერული რესისების შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ როგორც ავიაციის სააგენტოს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ხოლო, ჩარტერული რეისით სარგებლობა შეუძლია ყველა პირს, რომელიც პირადი თუ ბიზნეს საქმიანობისთვის ჯავშნის თვითმფრინავს კონკრეტული მიმართულებით.
როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე ფრენებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს, ბილეთების ფასები კი რამდენიმე ასეულ ევროს შეადგენს. მაგალითად, ივლისში თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ჩანიშნული ჩარტერული რეისების ბილეთის ფასი 1427 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ფრენებით სარგებლობა საზოგადოების მხოლოდ ის კატეგორას შეუძლია, რომლის შემოსავალიც საშუალოზე მაღალია და პანდემიამ მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ნაკლები ზეგავლინა იქონია. ფაქტია, ჩარტერული რეისები გათვლილია მხოლოდ ფინანსურად შეძლებული მგზავრებისთვის. ჩნდება კითხვა, როგორ მოიქცნენ ის მგზავრები, რომლებთა შემოსავალი და ფინანსური მდგომარეობა დაბალ ნიშნულზეა და აღნიშნულ რეისებზე, ბილეთის მაღალი ფასის გამო ვერ მოხვდებიან?!
ჩაკეტილმა საზღვრებმა და ჩარტერულ რეისებზე ბილეთების მაღალმა ფასებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი უკვე გამოიწვია. მოქალაქეებმა საზღვრის გახსნისა და ბილეთებზე ფასების დაწევის მოთხოვნით აქციებიც გამართეს. მოქალაქეები აპროტესტებენ, რომ ჩაკეტილი საზღვრების გამო ისინი უცხოეთში სამუშაოდ ვერ მიდიან და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. ბილეთებზე მაღალ ფასებს აპროტესტებენ უცხოეთში დარჩენილი ემიგრანტებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ავიარეისების დანიშვნას და სამშობლოში დაბრუნებას მოითხვენ. საზოგადოების ამ ფენას კი კოლოსალურად მაღალი ფასების გამო, ჩარტერული რეისებით სარგებლობა არ შეუძლია. პროტესტს მთავრობის მეთაურისგან რეაგირება მოჰყვა და განაცხადა, რომ ბილეთების ფასი არ უნდა იყოს კატასტროფული და მისი ღირებულება 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.
ამის მიუხედავად, Georgian Airways-ის დაჯავშნის სისტემაში დანიშნული რეისების ბილეთების ტარიფი კვლავ 1000-დან 1500-ლარამდე მერყეობს. “მეტრონომმა” არაერთხელ სცადა Georgian Airways-ის ხელმძღვანელობთან, კონკრეტულად თამაზ გაიაშვილთან და რომან ბოკერიასთან დაკავშირება და იმის გარკვევა, რატომ აღემატება ბილეთების ფასი 200 ევროს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, გამოცემამ მათთან დაკონტაქტება ვერ მოახერხა. კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა გამოცემასთან განაცხადა, რომ არ ეცალა საპასუხოდ, ხოლო დირექტორი რომან ბოკერია ტელეფონს გვითიშავდა.
ამის შემდეგ საკითხის გარკვევა ეკონომიკის სამინისტროში დავიწყეთ. გამოცემამ უწყებას მივმართეთ კითხვებით, კერძოდ, ვიდრე საზოგადოება ხმამაღლა დაიწყებდა ბილეთების ფასების გაპროტესტებას, მანამდე რატომ დუმდა ეკონომიკის სამინისტრო – უწყებაში არ იცოდნენ ბილეთების მაღალი ფასების შესახებ? ასევე, როგორ ისარგებლოს აღნიშნული რეისებით საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებმა და როგორ უნდა არეგულირებდეს ამას სახელმწიფო?!
როგორც “მეტრონომს” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ავიაკომპანია უწყებასთან ყველა ჩარტერულ რეისს ათანხებს, მაგრამ ბილეთების ფასებს თავად ავიაკომპანია არეგულირებს
“ჩარტერული რეისები არის კომერციული. ავიაკომპანია აქ თავისუფალია ფასების განსაზღვრაში. არის კომერციული ჩარტერები. რეისები ყველა შეთანხმებული არის ეკონომიკის სამინისტროთან და არა ფასი. ფასს არეგულირებს თავად ავიაკომპანია,” – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
გაურკვეველია, თუ ავიაკომპანია დამოუკიდებლად არეგულირებს ფასებს, მაშინ რას ნიშნავს მთავრობის მეთაურის მოწოდება, რომ ბილეთის ღირებულება 200 ევროს ფარგლებში უნდა იყოს?! თუ მთავრობის მხრიდან სუბსიდირება მოხდება, მაშინ გიორგი გახარიას ესეც უნდა განემარტა, მაგრამ მსგავსი რამ მთავრობის მეთაურს არ უთქვამს. თავად Georgian Airways-ი კი შექმნილი ვითარებით სარგებლობს და ავიაბიზნესში მონოპოლისტად ჩამოყალიბდა. დღემდე ჩარტერებს მხოლოდ ეს ავიაკომპანია ასრულებს, შესაბამისად, არ არსებობს კონკურენცია, რაც ფასებს დაარეგულირებდა. მიუხედავად იმისა, რომ 13 ივლიდიან ჩარტერულ რეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-იც სხვა მიმართულებებით შეასრულეენ, Georgian Airways-ი კვლავ უპირატესობით სარგებლობს როგორც რეიების ფართო არჩევანით, ასევე, შექმნილი მონოპოლიით და სხვა ავიაკომპანიების ჩართულობის შემდეგ დაგეგმილ რეისებზე ფასები ბილეთების კვლავ არ დაუწევია.
ფრენების გაჩერებასა და Georgian Airways- ის მონოპოლიას უკვე ფართო პროტესტი ბიზნესმენებისა და ტურისზმის გაერთიანებული ორგანიზაციის ლიდერების მხრიდანაც მოჰყვა, რომლებიც აქციების გამართვასაც გეგმავენ. აქციას “მოგზაურთა კლუბის” აქტივისტებიც შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორები “მეტრონომთან” აცხადებენ, რომ მთავრობის ქმედებები უკვე ყველა ლოგიკას სცილდება და მისი ქმედებები Georgian Airways- ის მიერ მონოპოლიის შექმნას უწყობს ხელს.
მართალია, კერძო ბიზნესი თავის ბაზარზე თვითონ ადგენს ფასებს და ამაში მთავრობას ჩარევის უფლება არც აქვს, შესაბამისად, Georgian Airways-მაც დამოუკიდებლად აწესებს ბილეთების ფასს და სულაც არაა ვალდებული ეს მთავრობას შეუთანხმოს. მთავრობის როლი აქ იმაშია, რომ მან ავიაბიზნესში სხვა ავიაკომპანიებსაც უნდა მისცეს რეისების შესრულების საშუალება, რაც კონკურენციას გამოიწვევს, კონკურენციის პორობებში კი Georgian Airways-ი თავად დაარეგულირებდა ფასებს. გამოდის, აღნიშნული ავიაკომპანია შექმნილი მონოპოლიით რომ სარგებლობს, ამაში დამნაშავე მაინც მთავრობაა. მთავრობამ დღემდე სხვა ავიაკოპანიებისთვის არ მიუცია შესაძლებლობა, ჩარტერული ფრენები შეესრულებინა, შესაბამისად, ამით Georgian Airways- ის მისცა სრული შესაძლებლობა, ავიაბიზნესში მონოპოლისტი გამხდარიყო და ფასებიც თავისი სურვილის მიხედვით დაეწესებინა. რაც შეეხება რეგულარულ ფრენებს, ნამდვილად განახლდება თუ არა პირველი აგვისტოდან, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ საკითხზე მთავრობაში კონკრეტული პასუხიდან კვლავ თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ყოველი გადაწყვეტილება არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული. ამასობაში კი ქვეყნის ეკომონიკა უკან უკან მიდის…
თათია შაიშმელაშვილი