ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაიქცა ეკონომიკა, ბოლო მოეღოს აირზენას მონოპოლიას” – კანცელარიასთან მასობრივი აქციები იგეგმება

დაიქცა ტურიზმი, დაიქცა ეკონომიკა, დედას შვილი ენატრება. ბოლო მოეღოს “აირზენას” მონოპოლიას! გახსნან რეგულარული საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა,  ბოლო მოეღოს ხელისუფლების მიერ ხალხის შიშითა და ტერორით მართვას” – ასეთი პათოსით იწყება საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ და იგეგმება აქცია კანცელარიის წინ. სოციალურ ქსელში აქტივისტებს უერთდებიან “ტურიზმის” გაერთიანებული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოგზაურთა 167 000-იანი ჯგუფის წევრები.

“მთავრობის ქმედებები უკვე ყველა ლოგიკას სცილდება! თუ ფული გაქვს იფრინე აირზენას ძვირადღირებული ბილეთებით რამდენიც გინდა, თუ არა და, მაშინ კორონა საშიშია?
ძალა ხალხშია და არა პოლიტიკოსებში! ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი, კონსტიტუცით მონიჭებული თავისუფალი გადაადგილების უფლება! კმარა ცრუ დაპირებები! გელით კანცელარიის წინ”. – ასეთ პოსტს აქვეყნებს ბიზნესმენი, “ნიუ ლაიფ ჯორჯიას” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი.

“ტურიზმის გაერთიანებული ორგანიზაციის ლიდერებიც დამიკავშირდნენ და ისინიც შემოგვიერთდებიან აქციაზე. ასევე, იქნებიან მოგზაურთა ჯგუფის წევრებიც. მთავრობის ქმედებები უკვე ყველა ლოგიკას სცილდება. ხალხი ცრუ დაპირებებით დაიღალა. რატომ არ ხსნიან საზღვრებს, თითქმის ყველამ გახსნა საზღვრები. მიზეზად სომხეთის და რუსეთის ეპიდსიტუაცია მოაქვთ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ახლა ამერიკაში რომ წავიდე, პირდაპირი რეისი არ აქვს “აირზენას”, ამიტომ ჯერ მიწევს თურქეთში მანქანით ჩავიდე და იქიდან გავფრინდე ამერიკაში. გარდა ამისა, “აირზენას” რეისის ერთი გზა 1400 ლარი ღირს. მე კი შემიძლია გადავიხადო ეს თანხა, მაგრამ ვინც აქამდე 60 ევროს იხდიდა, ის მოქალაქეები შეძლებენ ამხელა თანხის გადახდას?! რა თქმა უნდა, მთავრობას ამაში ვერ გავამტყუნებ, რომ ამხელა ფასები აქვს ავიაკომპანიას. ბაზარზე კომპანია თავად აწესებს ფასებს. მთავრობა იმაშია დამნაშავე, რომ ის სხვა კომპანიებს არ აძლებს საშუალებას, შეასრულოს ფრენები და ის თუ სხვა ავიაკომპანიებსაც მისცემდა ფრენების საშუალებას, “აირზენა” ფასებს თავად დაარეგულირებდა, მაგრამ მთავრობა ამას არ აკეთებს. ცდილობს ხალხი დააშინოს კორონავირუსით და ამით მიაღწიოს არჩევნებამდე მაგრამ ეს არ გამოუვა.” – უთხრა “მეტრონომს” კუკუნაშვილმა.

ჩაკეტილი საზღვრები სერიოზულ პრობლემას უქმნის საქართველოს მოსახლეობას. ქვეყნის ეკომონიკას დღითიდღე ექმნება პრობლემები. ბიზნესმენები ვერ ახერხებენ საქმიანობის განხორციელებას. ტურიზმი ჩიხშია, რის გამოც ტურისტული ბიზნეს-ინფრასტრუქტურა სულს ღაფავს. ამასობაში კი, ხელისუფლების მხრიდან არაადექვატური კომენტარები მოდის. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რესტორნის, სასტუმროს ანდა სხვა ობიექტის მფლობელს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნის შემთხვევაში შემოსავალი არ მოემატება. მისი თქმით, ტურისტების ძალიან მცირედი ნაკადი გვეყოლება, რაც საკმარისი იქნება კორონავირუსის გავრცელებისთვის, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რომ რამე მატერიალური სიკეთე მოიტანოს.

როგორც ირკვევა, არჩევნების წინ კორონავირუსის მიზეზს ხელისუფლება “ბუად” იყენებს. მაშინ როცა საქართველო მწვანე ზონაშია შეყვანილი, ისმის კითხვა, რაში სჭირდება ხელისუფლებას მსგავსი განცხადებები? არის თუ არა ეს შორს გათვლილი პოლიტიკური ინტერესი? ზუსტად მსგავსი პათოსით მივლენ აქციის მონაწილეები კანცელარიასთან, რომლებიც ჩიხიდან გამოსასვლელად, მასობრივი აქციებით აპირებენ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ.

 

 

 

იტვირთბა....