“ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
როგორც ბობოხიძე აცხადებს, უწყება პირდაპირ ლაპარაკობს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმებოდა.
“როგორც ჩანს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცის ჩვენზე მეტი. პირდაპირ ლაპარაკობს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმებოდა. მე წეღან ვთქვი, რომ ანრი ოხანაშვილის გამოსვლა რატომ იყო ცუდი, ის პირდაპირ გადაეფარა სხვა ვერსიას და გამოძიების კვალი პირდაპირ მიუშვა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. მივცემდი ხელისუფლებას უფლებას, რომ არ ყოფილიყო აქტიური ჯერჯერობით. თუნდაც დანამდვილებით ვიცოდეთ, საიდან მოდის, ეს ხომ მტკიცებულებას ითხოვს?! თუ საერთაშორისო დონეზე უნდა აწიოს ხელისუფლებამ, მტკიცებულება უნდა იყოს უტყუარი. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქვს გარკვეული ინფორმაციები და ეს ფაქტია. ამ განცხადებას რაც გააკეთა, სჯობდა არ გაეკეთებინა. თუ განცხადებას აკეთებენ, მაშინ კეთილი ინებონ და ცოტა მინიშნებები მაინც გააკეთონ”, – განაცხადა ბობოხიძემ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც ეხმაურება.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.
მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.