იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეხმაურება, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ შეუიარაღებელი თვალით იკვეთება რევოლუციური სცენარების გარკვეული ტენდენციები და იკვეთება ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები, როგორც ჩანს, საკუთარი მიზნებისთვის “რაღაცას გეგმავდნენ”.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, გასარკვევია რა იგეგმებოდა რეალურად და რა კავშირი ჰქონდა ამასთან ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებს.
“ჩემთვის საჯაროდ მედიით რაც არის ცნობილი, იგეგმებოდა ერთ- ერთ ჟურნალისტთან მიმართებაში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის განხორციელება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მივცეთ გამოძიებას მსვლელობის შესაძლებლობა და ნაადრევად არ გავაკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელმაც შესაძლოა, იმოქმედოს განწყობის შექმნაზე. აქედან გამომდინარე, მთავარია გამოძიება მივიდეს ბოლომდე. რაც მთავარია, შეუიარაღებელი თვალით იკვეთება გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების და შეუიარაღებელი თვალით იკვეთება ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ჩანს, რაღაცას გეგმავდნენ. საუბარია ქვეყნაში მიმდინარე საკითხებზე და ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებზე, გასარკვევია და უნდა დადგინდეს ვის რა კავშირი ჰქონდა, რა იგეგმებოდა რეალურად – რასთან მიმართებაში რა სცენარი. ჩვენთვის ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ სიცოცხლე დაცულია, მოხდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არ არის მარტივი საკითხი, როცა შესაძლოა, სხვადასხვა სცენარებით ხდებოდა აღნიშნულის დაგეგმვა, მათ შორის, ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული სცენარების შემდგომი განვითარებით. ძალიან მძიმე რამ იგეგმებოდა, ფაქტია, ეს აღკვეთა უსაფრთხოების სამსახურმა და დანარჩენზე უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მთავარია, შენარჩუნდა სიცოცხლე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.
მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.