საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აუცილებელია დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თოთოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.
მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.