კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის კიდევ სამ წარმომადგენელს დაუდასტურდა. რესპუბლიკური კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ დაახლოებით 80 თანამშრომელი გამოიკვლიეს.
ჯამში ცხრა თანამშრომელია ინფიცირებული.
„ცხრავეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია. გვყავს ასევე ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, მათ პნევმონია აქვთ.
თითქმის დავამთავრეთ თანამშრომელთა გატესტვა, მთელი ჩვენი გუნდის, მედპერსონალისაც, ადმინისტრაციული ნაწილის და საბედნიეროდ, გუშინ თითქმის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ მედპერსონალის და იქიდან მხოლოდ სამი დადასტურდა, დანარჩენი ყველა უარყოფითია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
ლევან გოფოძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფიცირების წყაროს საკითხს იკვლევს, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ინფექცია კლინიკაში გარედან არის შეტანილი.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 864 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 703-ს შეადგენს.
ინფიცირებულია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მცხოვრები, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში დარჩენილი ერთი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.