ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, ვინც ელემენტარულ, მცირე ბიზნესს წამოიწყებს, მთავრობა 30 ათასი ლარით დააფინანსებს”- გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული, მცირე ბიზნესის წამოწყებას, მტავრობა 30 000 ლარით დააფინანსებს.

ამის შესახებ გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას თქმით,  ადგილობრივი წარმოების განვითარება, რათა დაკმაყოფილდეს ადგილობრივი მოთხოვნა, უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება და აქ სოფლის მეურნეობის ფუნქცია ერთ-ერთი წამყვანია.

“მოგეხსენებათ, რომ მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. თუ არ ვცდები, ის დაიწყო ხუთ ათასი ლარით და შემდგომ გახდა 15, 20 ათასი ლარი. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ზღვარი აგვეწია 30 000 ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობაც გაგვეზარდა 40 მილიონამდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული, მცირე ბიზნესის წამოწყებას. ჩვენ მას პირდაპირ, გრანტის სახით, ფინანსური რესურსით ვეხმარებით, პირველ რიგში იმისთვის, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და შემდგომ შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები ერთი, ორი, სამი, ათი, ან წარმატების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნობისთვის, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით. ასევე, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც. აღნიშნული მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.

იტვირთბა....