საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით.
ამის შესახებ გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
გახარია აღნიშნავს, რომ პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს.
პრემიერის ინფორმაციით, ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოს 410 000 პენსიონერი.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიების ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს 25 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ პენსიონერების საკმაოდ დიდი ჯგუფი გვყავს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით. ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოს 410 000 პენსიონერი“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.