საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, დახმარებას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე მიირებს, რისთვისაც 460 მლნ ლარია გამოყოფილი.
„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს.
ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“,- განაცხადა გახარიამ.