პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში, 27 აპრილიდან, ანუ ორშაბათიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების.
ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, 2 -3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, შეზღუდვების მოხსნა აქტიურად დაიწყება.
“გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენ ასევე შესაძლებლობა გვექნება, შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებს და ასევე შემდგომში იმოქმედებს.
უკვე ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. გარდა ამისა, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, ორი-სამი კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ, დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური და ეკონომიკური ცხოვრების აქტივობების ხელშეწყობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილამდე გაგრძელდება. ქვეყანაში ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კრონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება.
შეგახსენებთ, მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა და ამ წინადადიბით მთავრობამ პრეზიდენტსაც მიმართა. აღნიშნული ინიციატივისთვის დეპუტატებს კენჭი ხვალ უნდა ეყარათ.