პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეპიდემიის გამო, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით, ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე. ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადაადგილებას ქუჩაში და გამოახატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის არ ეხება ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა.
“აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, არ ეხება სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ასევე, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოს განმახორციელებელ თანამშრომლებს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ისინი გადაადგილდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით და მათი ყოველდღიური აქტიურობა და მათი გადაადგილება აუცილებელია, რათა მთავარი ფუნქციები ქვეყანაში იყოს შესრულებული“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 17 აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.
კრონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება.
შეგახსენებთ, მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა და ამ წინადადიბით მთავრობამ პრეზიდენტსაც მიმართა. აღნიშნული ინიციატივისთვის დეპუტატებს კენჭი ხვალ უნდა ეყარათ.