საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას განცხადებით, საჭიროა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდეს.
როგორც გახარია აღნიშნავს, პრეზიდენტი ამ წინადადებით უახლოეს დღეებში პარლამენტს მიმართავს.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ახლა უმნიშვნელოვანესია, რათა ვირუსის ფართოდ გავრცელება არ მოხდეს.
„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.