“ჩვენ პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ, გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი, საგანგაშოა” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსი უკვე ყველა სოციალურ ფენაშია გავრცელებული.
“გუშინდელი დღე იყო, როცა ჩვენ პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ, გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი, საგანგაშოა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გვქონდა 5, 7, 10, ორჯერ იყო როდესაც დავაფიქსირეთ 18 შემთხვევა, ერთხელ 19 24 საათის განმავლობაში, მაგრამ უკვე 30-ეს უკვე ძალიან ბევრის მანიშნებელია და ეს 30 არის ძირითადად 12 კლასტერში. ეს არის ე.წ. ირანის, იტალიური, ეროვნული ბანკის, მარნეულის, ქობულეთის კლასტერი და ა.შ. 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში, ანუ, შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა, მოგეხსენებათ, არ იცის, ვინ ვინ არის, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილი, ვინ ვისი მამაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 296 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 69 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,949,661 მიაღწია. გარდაიცვალა 121,927 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 460,541 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.