ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანა მზადაა უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის გასაგზავნად

დანია მზადაა უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის გასაგზავნად, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა და ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადეს.

როგორც მინისტრებმა განაცხადეს, დანიის მთავრობამ და პარლამენტმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინაში სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის შესახებ, რომლებიც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას უზრუნველყოფენ.

დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, სადაც განმარტეს მთავრობის პოზიცია უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ და მიიღეს მხარდაჭერა საპარლამენტო პარტიებისგან.

„მნიშვნელოვანია სწორი გზავნილები, როგორც პუტინის, ასევე ვაშინგტონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, როდესაც ვამბობთ: „თუ საქმე მივა იქამდე, რომ ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება ევროპის მზადყოფნას მოითხოვს, დანია პრინციპში მზადაა ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, ტროელს ლუნდ პოულსენის თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს.

„ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება კონკრეტული ვალდებულებების აღების შესახებ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განმარტა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

იტვირთბა....