ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კანონი ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის, დავრჩეთ სახლში, ესაა რეკომენდაცია და თხოვნა” – გამყრელიძე

გამყრელიძე

“კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, “ფეისბუქზე” ვიდეო ბრიფინგის დროს განაცხადა,

გამყრელიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობით აკრძალულია ყველაზე მთავარი – ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება ყველაზე მძლავრი იარაღია ამ ვირუსთან ბრძოლის.

“ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობით აკრძალულია ყველაზე მთავარი – ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის.

კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე იმ დიდი საშიშროებიდან ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, რამდენადაც შეგვიძლია…

დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია. დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, ჩვენი ჯანმრთელობა. ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რეკომენდაცია, რაც ნაკლებად შევიკრიბებით და რაც ნაკლები ადამიანი შეიკრიბება, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართო მასშტაბის ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის მეტი ავადობა და რაც მთავარია, გარდაცვალება,”- თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა, თუ რომელი კვირა იქნება განსაკუთრებით რთული ვირუსის გავრცელების დროს და როგორი პროგნოზია მოსალოდნელი უახლოესი კვირების განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 196 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 46 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,379,040 მიაღწია. გარდაიცვალა 78,114 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 294,399 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....