“მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით კორონავირუსი თბილ სეზონზე უკან დაიხევს, მეორე ნაწილის შეხედულებით კი ცივ პერიოდში ისევ თავს შეგვახსენებს” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, “ფეისბუქზე” ვიდეო ბრიფინგის დროს განაცხადა.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ჯერჯერობით მსოფლიო ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ვირუსი ან როგორი იქნება.
„ჯერჯერობით მსოფლიო ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ვირუსი ან როგორი იქნება, მაგრამ გამოკვეთილია მაინც ორი შეხედულება, რადგან ეს არის რესპირაციული ვირუსი, კორონას ჯგუფის წარმომადგენელი და კორონავირუსის დაახლოებით 4 ტიპი ცნობილია, რომელიც ჩვენთანაც ცირკულირებს და მას აქვს ხოლმე სეზონური ხასიათი, ისევე როგორც სხვა რესპირაციულ ვირუსებს, ყველა ამათ საერთო ქცევის წესები აქვთ და როგორც წესი, ისინი ზაფხულისკენ ცოტა მაინც უკან იხევენ, ცოტა კი არა კარგად უკან (თუმცა, მაინც გვაქვს ხანდახან ზაფხულში გრიპის შემთხვევა). მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე ამ კორონავირუსმაც უკან უნდა დაიხიოს და შედარებით წავიდეს კლებისკენ, როგორც ახალი შემთხვევები, ისე სიკვდილიანობა და ა.შ. – ეს გახლავთ ერთი შეხედულება, თუმცა მეორე შეხედულებით, ის შეიძლება გადაიქცეს ე.წ. სეზონურ ვირუსად, რომელიც შეგვახსენებს ხოლმე თავს სიცივეში და ის შეიძლება იყოს უფრო რთული და მძიმე ვიდრე გრიპის ვირუსი. ამიტომაც დღეს მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციები აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე ისაუბრა, თუ რომელი კვირა იქნება განსაკუთრებით რთული ვირუსის გავრცელების დროს და როგორი პროგნოზია მოსალოდნელი უახლოესი კვირების განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 196 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 46 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,379,040 მიაღწია. გარდაიცვალა 78,114 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 294,399 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.