ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობა 45-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 46 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

მესამე პაციენტის გარდაცვალება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გარდაცვლილი 86 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შესვლის დღიდან მძიმე იყო.ინფიცირებული მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებული 86 წლის ქალის გარდაცვალება გარდაუვალი იყო, ვინაიდან მას ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, 4 აპრილს გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში 31 მარტს  შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

5 აპრილს კი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

იტვირთბა....